ბესო სოლომანაშვილი 1964 წ. დაიბადა თბილისში. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა მთათუშეთის მაღალმთიან სოფელ ომალოში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად, მარჯანიშვილის სახ. აკადემიურ თეატრში რეკვიზიტორად, ტელეფილმების სტუდიაში - გამნათებლად, საქართველოს წითელი ჯვრის პრესსამსახურში ვიდეოოპერატორად.1991-96 წწ. სწავლობდა თეატრისა და კინოს ინსტიტუტში კინორეჟისურის ფაკულტეტზე. გიორგი შენგელაიას სახელოსნოში. 1994 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ტელევიზიაში რეჟისორად.
1996 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში: “არილი”, “ცისკარი”, “კოსმოპოლიტენი”, “ლიტერატურული პალიტრა”.
2000 წ. ირაკლი სოლომანაშვილის პიესებთან ერთად გამოიცა მოთხრობების კრებული ”კონტრაბანდისტები”.
2002 წ. მოთხრობით ”ზამორა” ლიტერატურულ კონკურს ”პენმარათონი 2002”-ის პრიზიორი გახდა.
2003 წ. ლიტერატურულ კონკურს ”პენმარათონი2003”-ზე გაიმარჯვა მისმა მოთხრობამ ”თითრინავი”.
2007 წ. გამოიცა მოთხრობების კრებული ”ზამორა” (ლიტერატურულ პრემია ”საბას” ნომინანტი).
2008 წ. მოთხრობა ”4-დან 4-მდე 24 საათია” დაიბეჭდა კრებულში აფხაზეთის შესახებ.
1993 წ. ფილმ ”ოცნებების სასაფლაოს” გადაღებებზე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს იყო რეჟისორის ასისტენტი (რეჟ. გოგა ხაინდრავა).
1994 წ. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ”ცარიელი მასრა” (აფხაზეთის ეთნოკონფლიქტის შესახებ).
1995 წ. გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა ”ვერნისაჟი” 1996 წ. მოსკოვის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე ”წმინდა ანა” მიიღო ჟიურის სპეციალური დიპლომი რეჟისურისათვის.
1998 წ. სოჭის სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ”კინოფორუმი” დაიმსახურა გრანპრი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის. |